1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრის საქმიანობით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია დაინტერესდა

აგროსერვის ცენტრს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გურამ ალექსიძე ეწვია. ის ორგანიზაციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს გაეცნო. ალექსიძე აჭარაში სოფლის მეურნეობაში არსებული მდგომარეობით და ამ კუთხით აგროსერვის ცენტრის როლით დაინტერესდა. როგორც ის აცხადებს, სამომავლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აგროსერვის ცენტრის მაგალითის საქართველოს სხვა რეგიონებში გატანასა და დანერგვას გეგმავს. კერძოდ კი, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და კახეთში.

აგროსერვის ცენტრი ერთადერთი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული თანამედროვე გამოცდილებისა და ტექნოლოგიების დანერგვას უწყობს ხელს. მასში ფერმერთა ხელშეწყობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. გარდა ამისა, ორგანიზაცია ფლობს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას გვარა-ხუცუბანში, ხოლო ციტრუსის სანერგეს ჩაქვში, სადაც 2015 წლიდან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ თვითღირებულების ფასად შეიძინონ ვაზისა და ხეხილი ელიტური და ტრადიციული ჯიშის ნერგები, ასევე ციტრუსის სხვადასხვა სახეობის საადრეო ნერგები.