ისტორია

ა(ა) იპ ,,აგროსერვისცენტრის“  შექმნის ისტორიული მიმოხილვა, არსებული მდგომარეობა და სამომავლო ამოცანები

      ა(ა) იპ ,,აგროსერვისცენტრი“ შეიქმნა 2011 წლის ივლისში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. შექმნის მიზანი იყო რეგიონის აგროსექტორის ცალკეული დარგების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა და ამისათვის შესაბამისი მეთოლოგიურ – მატერიალური ბაზის შექმნა.    ქვეყნის მასშტაბით ეს ერთადერთი საპილოტე, სამეცნიერო და თეორიულ – პრაქტიკული ხასიათის სასოფლო – სამეურნეო დაწესებულებაა, რომლის მაგალითზე აგროსექტორში მოღვაწე ფერმერებს, ბიზნესმენებს და სოფლად მაცხოვრებელ მშრომელ გლეხკაცს თვალნათლივ უნდა ენახა თანამედროვე სარგავ – სათესი მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობა მაღალხარისხიანი, ტრანსპორტაბელური და ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების საქმეში.

    დღეისათვის ორგანიზაციაში 90 – მდე მაღალკვალიფიციური ადამიანია დასაქმებული. მათი შერჩევა ხდებოდა შესაბამისი განათლების, კვალიფიკაციისა და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით. ამასთან დაცულია ახალგაზრდა, ასაკოვან ადამიანთა და ქალთა წარმომადგენელთა ბალანსიც.

 მეცნიერულ საფუძველზე, თეორიულ – პრაქტიკული ხასიათის სასოფლო – სამეურნეო ობიექტები შეიქმნა, რომელიც თვალსაჩინო მაგალითია აგროსექტორში მომუშავე და ამ დარგით დაინტერესებული ადამიანებისათვის, როგორც მემცენარეობაში, ასევე მეცხოველეობაში. უპირატესობა მიენიჭა ტრადიციულ და საარსებო მნიშვნელობის ისეთი დარგების პოპულარიზაციასა და განვითარებას, როგორებიცაა მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა და მეფუტკრეობა.

    მიზნის მისაღწევად 1980 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში პირველად განხორციელდა ციტრუსოვნების, ხეხილოვნების, ვაზისა და მეცხოველეობის ბიომასალების ასეთი მასშტაბური ინტროდუქცია და ადგილობრივი წარმოშობის ჯიშებთან და ფორმებთან ერთად მოვაწყვეთ საკოლექციო – სადემონსტრაციო ნაკვეთები აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ  გვარაში 18,6 ჰექტარზე მოეწყო ვაზისა და ხეხილოვნების სანერგე, გახსნილია აგროსერვის ცენტრის ოფისი, სადაც მსურველებს შეუძლიათ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საკითხებზე ინფორმაციის მიღება, შენობის პირველ სართულზე მოწყობილია ხილის გადამამუშავებელი, დამხარისხებელი, საშრობი, შოკური გაყინვის დანადგარები და კამერა – მაცივრები, ასევე, ოფისი აღჭურვილია გოფრეტარის დამამზადებელი მოძრავი მანქანა-დანადგარით, რომლის წარმოება 1 საათში 3000 ყუთია. აქვე, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით, ღვინის სახლი გაიხსნა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი აქტიურად არის ჩართული სოფლის ტურიზმის განვითარებაში, სანერგე მეურნეობებსა და ღვინის სახლში მოეწყო არაერთი აგროტური, პრესტური, ჩატარდა ღვინის ფესტივალი.  დაბა ჩაქვში 21 ჰექტარზე მოწყობილია ციტრუსოვნების სანერგე. ამ სანერგეებში გაადგილებული სადედე ნერგები განსხვავდებიან მწიფობის პერიოდით, მოსავლიანობით, ყინვაგამძლეობით, მავნებელ – დაავადებათა მიმართ სხვადასხვა მდგრადობით, გარემო ფაქტორებისადმი მომთხოვნელობით, განსაკუთრებული აგროტექნიკური ღონისძიებებითა და სხვა. ასევე გვარას სანერგეში 2014-2015 წლებშიგამოცდილი იქნა პომიდვრის 2 ჯიში და ტკბილი წიწაკის 4 ჯიში, რაზედაც მომზადდა და გამოიცა შესაბამისი სახელმძღვანელო. 2016 წელს მოეწყო და ექსპლუატაციაში შევიდა მარწყვისა და ჟოლოს  ორი სათბური თითოეული 495 მ2. დაბა ჩაქვში კი ციტრუსების სანერგეში ნერგების გამოსაყვანად სამუშაო პროცესის დაჩქარებისათვის, მოეწყო ორი თანამედროვე სათბური, თითოეული 960 მ2 –ის.

2016 წელს რეგიონში მოეწყო მაღალმოსავლიანი ნიორის ჯიში „ლიუბაშა“-ს სადემონსტრაციო ნაკვეთები და პირველად აჭარიდან ექსპორტირებული იქნა 3,4 ტონა ნიორი.  
 სანერგეებში და აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნა ოფისები და ცხოველთა ხელოვნური დათესვლის სადგურები, რომლებიც აღიჭურვა სპეციალური აპარატურითა და იარაღებით, საოფისე ავეჯით, სატრანსპორტო საშუალებებითა და კომპიუტერული ტექნიკით, ოფისები აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ფოტომოლოგიური და ფოტოპათოლოგიური მიკროსკოპებით, რომლის საშუალებითაც ხორციელდება მცენარეთა მავნებელ დაავადებათა იდენტიფიკაცია და ხდება სათანადო რეკომენდაციების გაცემა. გვარაში ფუნქციონირებს თანამედროვე მეტეო სადგური. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების სხვადასხვა სოფლებში და დასახლებულ უბნებში შეირჩა ფერმერთა მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები. 21000  მ2 –ზე გაშენებული იქნა ლურჯი მოცვისა და ამერიკული კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთები. თითო მუნიციპალიტეტში მოწყობილია მოცვისა და კაკლის ამგვარი თითო ნაკვეთი. მოცვის ნაკვეთები უზრუნველყოფილია მორწყვის სისტემითა და მულჩირებით ( მულჩიფირით).

     მეცნიერ – პრაქტიკოსთა ხელმძღვანელობით ზემოთ აღნიშნულ სადედე – საკოლექციო სანერგეებში სპეციალური მეთოდიკის შესაბამისად მიმდინარეობს შესწავლა შემოტანილი ციტრუსოვნების, ვაზისა და ხეხილოვნების ადაპტაცია – აკლიმატიზაციის პერიოდის გავლისა და მათი სამეუნეო – სამრეწველო დანიშნულების გამოვლენის მიზნით. მიღებული შედეგების შესაბამისად დაგეგმილია ამა თუ იმ სახეობის ნერგების წარმოება და მოსახლეობაზე თვითღირებულებით მიწოდება, 2016 წელს წარმოებული იქნა ვაზის 19000ძირი, ხეხილის 3500-მდე ძირი და ციტრუსის 7800 ძირი ნერგი, რომელიც დახურულ ფესვთა სისტემით-კონტეინერებით სისტემატიურად მიეწოდება ფერმერებს.

     მეცხოველეობის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სადგურები. განაყოფიერება ხდება მაღალპროდუქტიული, ჩვენს პირობებსა და პირუტყვზე მორგებული ბიომასალით. სულ ჩატარებულია 7371  ხელოვნური განაყოფიერება. განაყოფიერების მაჩვენებელი შეადგენს  70% რაც კარგ შედეგად ითვლება. მეცხოველეობის კუთხით, ავსტრიის სააგენტოს დაფინანსებით და ორგანიზაცია CARD-ის შუამდგომლობით, ხორციელდება პროექტი,“ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროექტი საქართველოში: II ეტაპი“, რომლის ფარგლებშიც ქობულეთსა და ხიხაძირში, აშენდება ვეტერინარული კლინიკები და ადგილობრივ ფერმერებს შეეძლებათ მიიღონ სასურველი მომსახურება ადგილზე.   

    სასოფლო – სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის გაზრდა ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ,   ქალაქ ბათუმისა და აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში ამოქმედდა ნიადაგის აგროქიმიური კვლევის საველე ლაბორატორიები, რომლებსაც კვალიფიციური აგროქიმიკოსები ემსახურებიან და მათი მეშვეობით 100 – ზე მეტი სინჯია გამოკვლეული და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. ასევე მეცხოველე ფერმერებზე გადაცემული იქნა  საწველი აპარატები, სეფერატორები,  მინი ინკუბატორები და პირუტყვის  საკვების დამქუცმაცებელი დანადგარები და მწვანე საკვების მაწარმოებელი ჰიდროპონიკური დანადგარი, 2 ერთეული.  

დაიბეჭდა წიგნები მებაღეობაზე, მებოსტნეობაზე, მეცხოველეობაზე, მეფუტკრეობაზე და საკვები კულტურების აგროწესებზე, სისტემატიურად გამოიცემა გაზეთი «გუთნეული“ თვეში 1000 ეგზემპლარის ოდენობით. ორგანიზაციაში დანერგილია ფერმერული მეურნეობების აღრიცხვის კომპიუტერული ბაზა. ამან საშუალება მოგვცა ნათლად დაგვენახა, რას საქმიანობს ესა თუ ის ფერმერი, როგორია მისი შრომის შედეგები და ჩვენთვისაც გასაგები შეიქმნა თუ რით შეიძლებოდა დავხმარებოდით მას თავისი საქმიანობის უკეთ წარმართვაში. დაინერგა სოფლის მეურნეობაში ფერმერებისათვის SMS შეტყობინების სერვისი, ასევე დაინერგა სოფლის მეურნეობის ექსტენციის სერვისი, ხორციელდება სადემონსტრაციო პროექტები, ახალი კულტურების შემდგომი გავრცელების კუთხით.

2013 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად ხორციელდება პროექტი ENPARD - AJARA ,,სოფლის მეურნეობის განვიარების მხარდაჭერა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში’’, რომლის ფარგლებშიც ბოლო სამი წლის მანძილზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 70-მდე ფერმერთა კოოპერატივი გაიხსნა, ახლად შექმნილი კოოპერატივები იღებენ ტექნიკურ დახმარებას, პროფესიულ ტრენინგსა და კონსულტაციას ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.