1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ტურისტულ ბიზნესში დასაქმებულებს აგროსერვის ცენტრი უფასო კონსულტაციებს გაუწევს

დღეიდან, საოჯახო სასტუმროების განვითარების მსურველებს აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების ფინანსისტები უფასოდ გაუწევენ კონსულტაციებს ბიზნესის გასაუმჯობესებლად. დღეს დასრულდა ტრენინგი თემაზე „ტურიზმი სოფლად და პატარა ქალაქებში“, რომლის ფარგლებშიც ისინი სოფლად აგროტურიზმის განვითარების საკითხებში გადაემზადნენ. ტრენინგის დასასრულს მათ სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.

ტრენინგები აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს თუ როგორ დაეხმარონ საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს  ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვასა და განვითარებაში, რა მინიმალურ და მაქსიმალურ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს საოჯახო სასტუმროები, ასევე როგორ იურთიერთობონ ტურ-ოპერატორებთან, როგორ მოახდინონ რეზერვაცია და ჯავშნის წარმოება. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ტრენინგის ფარგლებში  საოჯახო სასტუმრო სახლები მოინახულეს სოფელ გობრონეთსა და გომარდულში. სპეციალისტებმა იქ არსებული მდგომარეობა შეაფასეს და რეკომენდაციები მოამზადეს არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. ხვალიდან კი კონსულტაციებისა და რეკომენდაციების მსურველებს აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებთან დაკავშირება აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შეეძლებათ.

ტრენინგები აჭარის ა/რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა მხარდაჭერით „ENPARD Ajara- სოფლის  მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში” პროგრამის  ფარგლებში ხორციელდებოდა და მისი მიზანი რეგიონში, სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.