1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სასათბურე მეურნეობების განვითარების შესახებ ჰოლანდიური კომპანიების ხელმძღვანელებმა პრეზენტაცია გააკეთეს

აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრში ჰოლანდიური კომპანიების „ბილანსია“-სა და „ფრანსენ როუზის“  ხელმძღვანელები ფერმერებს შეხვდნენ. მათ ჰოლანდიაში მებოსტნეობისა და მეყვავილეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს და ამ კუთხით აჭარაში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

შეხვედრის მთავარ მიზანს ჰოლანდიაში ბოსტნეულისა და ყვავილების სასათბურე მეურნეობების კუთხით არსებული გამოცდილების, ცოდნისა და შესაძლებლობების ფერმერთათვის გაზიარება წარმოადგენდა, რაც სამომავლოდ ერთობლივი პროექტების დაგეგმვის შემთხვევაში აჭარაში სასათბურე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომპანია „ბილანსია“ არის წამყვანი ორგანიზაცია სოფლის მეურნეობაში, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის პროექტებისა და ტრენინგების ზედამხედველობას, ასევე  კვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტების ჩართვას პროექტებში, რომლებიც შემდგომ პასუხისმგებელნი არიან პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის მოყვანასა და გაზრდაზე. რაც შეეხება, კომპანია “ფრანსენ როუზის“ ის ფლობს ულტრათანამედროვე ვარდების სათბურს ჰოლანდიაში, სადაც 1980 წლიდან მსოფლიოში ცნობილ Red Naomi  (წითელი ნაომის) სახეობის ულამაზეს ვარდს აწარმოებენ.

შეხვედრას სასათბურე მეურნეობებით დაინტერესებული ფერმერები, ქობულეთის გამგეობის, აგროსერვის ცენტრისა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჰოლანდიელი სტუმრები აჭარას საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრობდნენ.