აგროსერვის ცენტრში 2013 წელი შეაჯამეს
აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ორგანიზაციის 2013 წლის სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. მემცენარეობის, მეცხოველეობის, საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების უფროსებმა და გაეროს პროექტის მენეჯერმა აგროსერვის ცენტრში გასული წლის საქმიანოებები შეაჯამეს. პრეზენტაციას აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე, ENPARD Ajara პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გასულ წელს ორგანიზაციაში მოეწყო გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, მუნიციპალიტეტებში გაიხსნა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სადგურები, ასევე აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების ცენტრი.
2013 წელს, აგროსერვის ცენტრის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებში კონსულტირება 6000-მდე ფერმერს გაეწია. გაეროს პროექტის ფარგლებში აგროსერვის ცენტრმა მოაწყო აგრო-ტური ფერმერებისთვის საქართველოს წამყვან საწარმოებსა და სანერგე მეურნეობებში, 20-მდე ფერმერს საჩუქრად გადასცა რძის სახდელი და საწველი აპარატები, გარდა ამისა ორგანიზაციამ ფერმერებს ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში უსასყიდლოდ მოუწყო 6 მოცვისა და კაკლის სადემონსტრაციო-საჩვენებელი ნაკვეთები. პრეზენტაციაზე 2014 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებებიც განიხილეს.