აგროსერვის ცენტრი ფერმერებს საჩვენებელ ნაკვეთებს უწყობს
აგროსერვის ცენტრმა დაიწყო სადემონსტრაციო ბაღების გაშენება მაღალმთიან აჭარაში. ENPARD Ajara-ის პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია ფერმერებს 150-300 მ2 მიწის ფართობზე მოცვისა და კაკლის პლანტაციებს უშენებს, სადაც თანამედროვე საირიგაციო სისტემების მონტაჟი და ნიადაგის მულჩის ფირით დაფარვა იგეგმება.
მოცვისა და კაკლის ის ჯიშები, რომლებიც ფერმერთა საჩვენებელ ნაკვეთებში შენდება მაღალმთიანი რეგიონისთვის ახალია და პროექტი საცდელი სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობით ფერმერთა მიერ მათ დანერგვას შეუწყობს ხელს. მაღალმთიანი აჭარისთვის ასევე სიახლეა პლანტაციებში მორწყვის წვეთოვანი სისტემის მონტაჟი და ნიადაგის მულჩის ფირით დაფარვა.
„ბლუკროპისა“ და „ლეგასის“ ჯიშის მოცვი, რომელიც ფერმერთა საჩვენებლ ნაკვეთებში შენდება მოცვის ადგილობრივი ჯიშებისგან განსხვავებით უხვმოსავლიანი, ყინვა და გვალვა გამძელეა, მისი ნაყოფი კი ზომით სამჯერ დიდია. ივლისის შუა რიცხვებში მწიფდება და 1 ნერგი საშუალოდ 6-9 კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა. რაც შეეხება კაკალს „შანდლერი’ ის მხმოიარობაში 2-4 წლამდე შედის და ერთი ნერგი საშუალოდ 40 კგ-მდე ნაყოფს იძლევა.
ამჯამად ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ფერმერთა სადემონსტრაციო ნაკვეთებში ნერგების დარგვის პროცესი მიმდინარეობს. ნაკვეთების სრულყოფილად მოწყობა ნოემბრის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ფარგლებში 6 სადემონსტრაციო ნაკვეთი ეწყობა.