აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრას ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდა.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ ადგილობრივ ფერმერებს პროექტის კოორინატორებმა პროგრამის შინაარსი და პირობები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. 
პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ სოფლად გააშენონ ხურმის, ვაშლის, ატმის, კაკლის, ბოსტნეულის, დაფნის, კენკროვანი კულტურების ბაღები, ყვავილების კულტურები, გადაიარაღონ სასათბურე მეურნეობა, მოაწყონ მეფუტკრეობის მეურნეობები. 
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 პროცენტის დაფინანსებას ითვალისწინებს. 
პროგრამა მოიცავს კომპონენტებს როგორც ინდივიდუალური ფერმერების, ასევე გადამამუშავებელი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსებისთვის.
რეგიონებში ადგილობრივ ფერმერებთან იმუშავებს პროგრამის რეგიონის მობილიზატორი, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაბამის კონსულტაციებს გაუწევს. 
პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს, თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და ფოთის გარდა.
პროგრამის პირველ ეტაპზე 144 ბენეფიციარი დაფინანსდა, ინვესტიციის მოცულობამ 8,229,215 ლარი შეადგინა, საიდანაც 3,256,001 ლარი გრანტის სახით გაიცა.
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია პირველადი წარმოების პროდუქტის ხარისხისა და მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა; არსებული ბაღების პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისა და მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი აგროსაწარმოების გაფართოებისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობა; გარდა ამისა, პროგრამის ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა აგროწარმოებაში. 
აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება. 
პროგრამა ხორციელდება „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის" (AMMAR) ფარგლებში და ფინანსდება სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდის (GEF) მიერ.
პროგრამა ინიცირებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მას ა(ა)იპ "სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო" "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში ახორციელებს.