აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროსერვის ცენტრს ეწვია

დღეს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვისა და გვარას ფილიალს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი, ლაშა კომახიძე ეწვია, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა ახალ მინისტრს წარუდგინა თანამშრომლები და გააცნო აგროსერვის ცენტრის საქმიანობა. 
მინისტრმა დაათვალიერა ჩაქვის ციტრუსოვანთა და გვარას ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, გაეცნო სამეცნიერო კვლევების მნიშვნელობას სანერგეებისთვის, ასევე მოინახულა მაღალ ტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. 
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. ,,ჩვენ გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაწყებული გვაქვს, აგვისტოს თვიდან აქტიურად დავიწყებთ მუშაობას 2017 წლის პროგრამების შემუშავებაზე, მოხდება ყველა მნიშვნელოვანი საკითხის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ასახული იქნება მომავალი წლის პროექტებში’’- განაცხადა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში თანამშრომლებთან შეხვედრისას მინისტრმა. 
ლაშა კომახიძის სახელს უკავშირდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სასოფლო ექსტენციის მოდელის შექმნა აჭარაში. იგი ჩართული იყო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაში, რის შედეგადაც შეიქმნა 77 კოოპერატივი 7 მლნ. ევროზე მეტი დაფინანსებით, ხოლო 350-ზე მეტ ფერმერს შემოსავალი უშუალოდ 60-70 %-ით გაეზარდა.