1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ისრაელიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა მესათბურე ფერმერებს ტრენინგი ჩაუტარეს

დღეს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში ისრაელიდან მოწვეულმა ექსპერტებმა მესათბურეობით დაინტერესებულ ფერმერებსა და სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის ექსპერტებმა გილად მარეკმა და რივკა ოფენბახმა სამეგრელოდან, იმერეთიდან, გურიიდან ჩამოსულ ფერმერებს,  კოოპერატივების წევრებსა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების სპეციალისტებს სათბურებში მარწყვისა და ტკბილი წიწაკის მოვლა-მოყვანის, ასევე დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების შესახებ თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. ტრენინგის ფარგლებში მოეწყო ვორქშოპიც აგროსერვის ცენტრის მარწყვისა და ბულგარულის სათბურებში.

ტრენინგი, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშავის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, მესათბურეობით დაკავებული ფერმერებისა და მეწარმეების განათლების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. ტრენინგს მაშავის პროგრამის დირექტორი გიორგი ჯღენტიც ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს მაშავის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისრაელის საელჩო აფინანსებს ერთ-თვიან სასწავლო ტრენინგებს ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის ისრაელში, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებს მოიცავს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საჩუქრად აგროსერვის ცენტრში მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ  „ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცათ.

ტრენინგი 12 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ხვალ მას აჭარაში მესათბურეობით დაკავებული ფერმერები, კოოპერატივების წევრები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურების სპეციალისტები დაესწრებიან.