1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებს რეკომენდაციები გაუწიეს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის ნერგების მდგომარეობას გაეცნენ. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ქიდაშელმა  და მეხილე-აგრონომმა ვანო კაკაშვილმა გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში ნერგებისა და ნაყოფის მდგომარეობა შეისწავლეს და აგროსერვის ცენტრის სპეციალიტებს ცალკეულ ჯიშთან დაკავშირებით კონსულტაციები და რეკომენდაციები  გაუწიეს.

2013 წელს, აგროსერვის ცენტრს  გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში განთავსებული ვაზისა და ხეხილის ნერგები სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა გადასცა. მას შემდეგ, ცენტრის წარმომადგენლები ყოველწლიურად ახორციელებენ აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის ნერგების ზრდა-განვითარების მონიტორინგს  და საჭიროების შემთხვევაში აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებს კვალიფიციური კონსულტაციებით უზრუნველყოფენ. გვარა-ხუცუბნის სანერგე მეურნეობაში 30-მდე ვაზის სასუფრე და საღვინე, ასევე ბლის, მსხლის, ვაშლის, ხურმის, ქლიავის, ბროწეულის, ფეიხოას, მოცვის, კაკლის, ზეთისხილისა და  სხვა ხეხილის უცხოური და ქართული ჯიშებია განთავსებული. მათგან  წარმოებულ ახალ ნერგებს აგროსერვის ცენტრი ფერმერებს თვითღირებულების ფასად მიაწვდის. ვაზის 6-მდე ჯიშის ნერგების შეძენა ფერმერებს კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეეძლებათ. მათ შორისაა ჩხავერი და ცოლიკაური.