1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროსერვის ცენტრში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. გარდა ამისა, მინისტრმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებსა და სტუმრებთან ერთად  აგროსერვის ცენტრის მარწყვისა და პამიდვრის სათბურები და ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი მოინახულა. სათბურებში უკვე დაწყებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით მოყვანილი პამიდვრისა და მარწყვის მოსავლის აღება. რაც შეეხება ბალახის წარმოების დანადგარს ის აჭარაში პირველია და ერთი დანადგარის მიერ წარმოებული ბალახი რამდენიმე ჰექტარზე გაშენებულ საძოვარს ცვლის.

სტუმრები ასევე გაეცნენ ღვინის სახლის მშენებლობის პროცესს, რომელსაც აგროსერვის ცენტრი ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით აშენებს. ამ ეტაპზე მშენებლობის დასაწყებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ღვინის სახლი იქნება აგროტურისტული ცენტრი რეგიონში ჩამოსული სტუმრებისთვის. ვიზიტისას მინისტრი აგროსერვის ცენტრში  ვაზის მყნობასაც დაესწრო. ამ ეტაპზე, ორგანიზაციაში გაშენებულ სანერგე მეურნეობაში 8 ჯიშის ვაზის გამრავლება მოხდა, რომლებიც საშემოდგომოდ სარეალიზაციოდ მზად იქნება. ბოლოს, სტუმრებმა დამონტაჟებული ანგარიც დაათვალიერეს, სადაც სამომავლოდ აგროსერვის ცენტრის სამაცივრე დანადგარებისა და ხილის გადამამუშავებელი მინი-საწარმოს განთავსება იგეგმება.