1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

მაღალმთიან აჭარაში საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების რეაბილიტირებული შენობები გაიხსნა

29 მაისს ხულოსა და შუახევში აგროსერვის ცენტრის საიფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების რეაბილიტირებული შენობები გაიხსნა. ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე სოფო ქემხაძე, ევროკავშირის პროექტების მენეჯერი სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ხუან ეჩანოვე და გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ხელი მოეწერა „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ ხელშეკრულების გაგრძელებას, რომელიც რეგიონში აგროსექტორის განვითარებასა და მცირე ფერმერთა გაძლიერებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროგრამის ღირებულება 3,3 მილიონ ევროს შეადგენს და ის აჭარაში გასული წლის 18 ივნისს ამოქმედდა. სტუმრებმა პროგრამის ფარგლებში გასულ წელს, ფერმერთათვის მოწყობილ მოცვის სადემონსტრაციო ნაკვეთიც მოინახულეს.

აგროსერვის ცენტრის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები აჭარის მუნიციპალიტეტებში გასული წლის აპრილიდან ფუნქციონირებს. აღნიშნული სამსახურები ხელს უწყობს რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას, რადგან აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები ყოველდღიურად უწევენ უფასო კონსულტაცია-რეკომენდაციებს ფერმერებს ბოსტნეულისა და ხილის მოვლა-მოყვანის, მცენარეთა დაცვის, აგრობიზნესის განვითარების, ახალი კულტურების გაშენების, ვეტერინარიისა და უახლესი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. დღემდე სერვის ცენტრის სპეციალისტების მიერ 7 365 ფერმერს გაეწია კონსულტაცია. აგროსერვის ცენტრს საინფომაციო-საკონსულტაციო სამსახურები აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბათუმში აქვს განთავსებული. ხულოს, შუახევისა და ქედის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის შენობებს რეაბილიტაცია „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ პროექტის ფარგლებში ჩაუტარდათ.