აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო და ციტრუსის ბაღები მოინახულეს

„აგროსერვის ცენტრი“-ს ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ციტრუსის ბაღებისა და ციტრუსის ნაყოფის დამამზადებელი საწარმოების მონიტორინგს. ამჟამად მათ ციტრუსის ბაღები სოფელ შარაბიძეებში  დაათვალიერეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. როგორც ადგილზე მისვლისას  გაირკვა, ციტრუსოვანთა პლანტაციები ფერმერებს კარგად აქვთ მოვლილი, თუმცა ცალკეულ ნარგავებში შეინიშნება ციტრუსის ტკიპებითა და კოქციდებით დაზიანებები, ასევე არის სოკოვანი დაავადებების-დამეჭეჭების ცალკეული კერები. რაც წამლობითი ღონისძიებების სრულყოფილად ჩაუტარებლობაზე მიუთითებს. სპეციალისტებმა ფერმერებს მდგომარეობის გამოსასწორებლად  კონსულტაციები გაუწიეს.

სპეციალისტებმა სოფელ შარაბიძეებში მცხოვრები ბიზნესმენის ბაგრატ თურმანიძის ციტრუსოვანთა ნაყოფის დამამზადებელ-შემფუთავი საამქროც მოინახულეს. თურმანიძე გასულ წლებშიც თავად ამზადებდა და უწევდა რეალიზაციას ციტრუსოვანთა ნაყოფს. მას შენობა დანადგარები უკვე მზადყოფნაში აქვს და ახლა 6000 ცალამდე 17-20 კგ-მდე ტევადობის ხის მერქნისგან დამზადებული ყუთებს ელოდება. სეზონს ბაგრატ თურმანიძე მომზადებული ხვდება.