1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

აგროსერვის ცენტრი ორი წლის გახდა

7 ივლისს „აგროსერვის ცენტრ“-ს დაარსებიდან 2 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი ორგანიზაციამ სადღესასწაულო საღამოთი აღნიშნა. ღონისძიება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პრეზენტაციით გაიხსნა, რის შემდეგაც სტუმრებს აგროსერვის ცენტრის 2 წლიანი მოღვაწეობის ამსახველი ფილმი აჩვენეს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით  ორგანიზაციამ გამოუშვა გაზეთი სახელწოდებით „გუთნეული“, რომელიც აგროსერვის ცენტრის საქმიანობას ასახავს.  გაზეთი 1500 ცალიანი ტირაჟით დაიბეჭდა და ის გაზეთ „აჭარის“ 7 ივლისის ნომერს ჩანართის სახით დაემატა.  გაზეთი საღამოზე მოწვეულ სტუმრებსაც დაურიგდათ.  ღონისძიებაზე აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ბერიძემ 15 თანამშრომელი და გაეროს განვითარების პროგრამის, აჭარის ეკონომიკური განვითარების პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე აგროსერვის ცენტრის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა.

 „აგროსერვის ცენტრი“ 2011 წლის 7 ივლისს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ აჭარის მთავრობის, გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. აგროსერვის ცენტრის ძირითადი საქმიანობაა მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგის განვითარება აჭარაში. ასევე ფერმერების სწვალება-კონსულტირება. ამ დროისთვის ორგანიზაციას გააჩნია სამი სანერგე მეურნეობა: ჩაქვის ციტრუსის, გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის  და ახალსოფლის სანერგეები. საიდანაც ერთი წლის შემდეგ იგეგემება ნერგების გამოყვანა და ფერმერებისთვის შეღავათიან ფასად მიყიდვა, ასევე მათ მიერ მოწეული პროდუქციის გაშრობა- დაბინავებაში ხელშეწყობა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი განახლების მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს საქონლის ხელოვნური განაყოფიერების სერვისი, რომლის სადგურებიც ივნისიდან აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტშიც გაიხსნა.  ფერმერთა კონსულტირების მიზნით კი აგროსერვის ცენტრს ასევე ყველა მუნიციპალიტეტსა და ქ. ბათუმში აქვს  საკონსულტაციო-საინფორმაციო ცენტრები, სადაც  კვალიფიციური კადრები ფერმერებს კონსულტირებას უწევენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

აგროსერვის ცენტრის იუბილეს ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენელები. ასევე, აჭარაში მოქმედ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ  მეწარმეებიც, რომელთა პროდუქციაც გამოფენილი იყო საღამოზე.