აგროსერვის ცენტრის გამოცდილებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია გაეცნო
28 ნოემბერს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფილიალს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 25 კაციანი დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები, რომლებსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი ხელმძღვანელობდა აგროსერვის ცენტრში განხორციელებულ პროექტებსა და სერვისებს გაეცნენ. ვიზიტის მიზანი სტუმრებისთვის აგროსერვის ცენტრში ბოლო სამი წლის განმავლობაში დანერგილი სიახლეების დემონსტირება და გამოცდილების გაზიარება იყო, რადგანაც სამომავლოდ აგროსერვის ცენტრის მოდელის საქართველოს სხვა რეგიონებში დუბლირება იგეგმება.
სტუმრებმა ორგანიზაციაში დაათვალიერეს, როგორც ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მაღალტექნოლოგიურ მარწყვისა და ტკბილი წიწაკის სასათბურე მეურნეობები, ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი, ხილის საშრობი მინი-საწარმო და და სამაცივრე საკნები. დელეგაციის წევრებმა ნიადაგის აგროქიმიური კვლევისა და ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისებსაც მოინახულეს.
სპეციალურად დელეგაციის წევრებისთვის აგროსერვის ცენტრში ორგანიზაციის სანერგე მეურნეობებში მოყვანილი ციტრუსისა და ხეხილის გამოფენა მოეწყო, სადაც 40-მდე სხვადასხვა ჯიშის ციტრუსის ნაყოფი, ყურძენი, ვაშლი, ბროწეული, ვაშლისა და ხურმის ჩირი, ასევე აგროსერვის ცენტრში დაწურული ღვინო და არაყი იყო წარმოდგენილი.
შეხვედრაზე გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ ,,მაწყვალთას’’ ბალახის ინტენიური წარმოების დანადგარი გადასცეს. დანადგარის მიერ წარმოებული ბალახი ერთ ჰექტრამდე საძოვარს ცვლის. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების, სასოფლო-სამეურნეოს კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს მელიორაციის კომპანიის ხელმძღვანელები, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები შედიოდნენ.