აგროსერვის ცენტრის ანგარიში აჭარის უმაღლეს საბჭოში მოისმინეს
აგროსერვის ცენტრმა გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს გააცნო. გასულ წელს ორგანიზიაციამ ქობულეთში, გვარა ხუცუბნის ტერიტორიაზე გააშენა ვაზისა და ხეხილის სადემონსტრაციო-საკოლექციო სანერგე მეურნეობა, სადაც 2015 წლიდან ნერგების წარმოება და ფერმერებისთვის შეღავათიან ფასად მიწოდება დაიწყება. გარდა ამისა, გაიხსნა ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები ყველა მუნიციპალიტეტებში და ბათუმში, სადაც ფერმერებს მათთვის მნიშვნელოვან საკითებზე უფასო რეკომენდაცია-კონსულტაციების მიღება შეუძლიათ. ასევე ამოქმედდა ნიადაგის აგროქიმიური კვლევის სერვისი რაიონებში და ფერმერებს უკვე შეუძლიათ მიწის ანალიზები და რეკომენდაციები სახლიდან გაუსვლელად, ადგილზევე მიიღონ. აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ორგანიზაციაში ბიზნეს პროექტების მოზადებაზეც დაიწყეს მუშაობა. გაეროს პროგრამის ფარგლებში ბიზნესს კონსულტანტები მუშაობენ მეთევზეობისა და ხილის რეალიზაციის საწარმოო ჯაჭვების, ასევე სამაცივრე დანადგარების შექმნასა და სხვა პროექტებზე.
უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში და მიმდინარე პროგრამებიც განიხილეს. მას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერ-თანამშრომლები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა აგრარული და თვითმართველოს საკითხთა კომისიის ორგანიზებით გაიმართა.