მოსახლეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გაცნობა გრძელდება
აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ ფერმერებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების გაცნობას. ისინი ყოველდღიურად აჭარის რაიონის ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფლებში მართავენ შეხვდრებს, რომელსაც დროდადრო სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძეც ესწრებიან. ამჯერად, სამინისტროს პროგრამები ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის კონსულტანტებმა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლევან ბოლქვაძემ სოფელ ახალშენის, განთიადისა და სამების მაცხოვრებლებს გააცნეს.
სულ წარმოდგენილი იყო 2 პროგრამა და 6 ქვეპროგრამა. აქედან ერთი მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროგრამა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის. პროგრამა გასული წლის შედეგების გათვალისწინებით 800 000 ფერმერზეა გათვალისწინებული და მისი ბიუჯეტი 90 მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ფერმერები შეძლებენ მიიღონ აგრო-ბარათები აგროტექნიკური ღონისძიებების (ხვნა) ჩატარებისა და საწარმოო საშუალებების (სასუქი, ან სათესლე მასალა, ან მცენარეთა დაცვის საშუალებები) შესაძენად.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2014 წლის პროგრამა „ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ 6 ქვეპროგრამად იყოფა და მისი საერთო ბიუჯეტი 3 030 000 მილიონ ლარს შეადგენს. ქვეპროგრამების ფარგლებში ფერმერები თანადაფინანსების პრინციპით (30 % ფერმერი, 70 სახელმწიფო) შეიძენენ მრავალფუნქციურ მოტობლოკებს, სასათბურე კონსტრუქციებსა და მრავალწლოვან ხეხილოვან კულტურებს (მოცვი, კაკალი, ხურმა, აქტინიდა (კივი), 40 %-იანი თანადაფინანსებით კი (40 % ფერმერი, 60 სახელმწიფო) ფუტკრის თანამედროვე ტიპის სკებსა და თაფლის საწურ მოწყობილობებს, ასევე დეფეკაციურ ტალახს, რომელიც მჟავე ნიადაგების გასანეიტრალებლად გამოიყენება. გარდა ამისა, იგეგმება 5 საპილოტე ფერმერული გაერთიანების ჩამოყალიბებაც.