ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახური ახალშენის მეფრინველეობის საწარმოს სტუმრობდა
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა ახალშენის მეფრინველეობის საწარმო შპს ,,ახალშენი“ მოინახულეს. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა საკვებდამზადების საამქრო, საწყობი, საფრინველეები და კვერცხის დაფასოების საამქრო დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ საწარმოში სანიტარულ -ჰიგიენური მდგომარეობა ზოოტექნიკურ მოთხოვნებს შეესაბამება.
კონსულტანტები ფერმაში მეორედ იმყოფებოდნენ, რადგან პირველად ახლაშენის მეფრინველეობის ფერმა მათ გასული წლის აგვისტოში მოინახულეს. მათი განცხადებით, გასულ წელთან შედარებით ფერმაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი პროდუქციის წარმოება. ამჟამად, ფერმაში 30 000 ფრთა ქათამს უვლიან და ყოველდღიურად 15-16 ათას ცალ კვერცხს აწარმოებენ, მაშინ როცა გასული წლის აგვისტოში საწარმოში 12 000 ქათამი ჰყავდათ და 9,5-10 ათასამდე კვერცხის წარმოება ხდებოდა. რაც შეეხება ფრინველის საკვებს მას ადგილზე სხვადასხვა მარცვლეულის, პრემიქსის და კირქვის შერევით ამზადებენ. საწარმოში დასაქმებულებს კონსულტანტებმა კონსულტაციები გაუწიეს და საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს მეცხოველეობასა და მემცენარეობაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.