ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნერგების მდგომარეობის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნერგების მდგომარეობა სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერ-თანამშრომლებისგან შემდგარმა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა. კომისია, რომელის შემადგენლობაშიც არიან სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორები შოთა ლამპარაძე, ზურაბ მიქელაძე, რეზო ჯაბნიძე, ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის აგრონომები, ჩაქვის სანერგეში ციტრუსის ნერგების გაყინვის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ შეიქმნა, რათა ობიექტურად შეფასდეს სანერგეში არსებული მდგომარეობა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სანერგეში ყველა აგროღონისძიება დროულად არის ჩატარებული, რაც ნერგების მდგომარეობაზეც აისახება.
„არც ერთი ციტრუსის ნერგი არ არის დაზიანებული ყინვისა და თოვლის გამო, რადგან ყველა ის ნერგი, რომელიც დაბალი ყინვაგამძლეობით გამოირჩევა საზამთროდ შეფუთულია, დანარჩენი კი ჭიგოზეა აკრული,“ განცხადა სოფლის მეურნეობის დოქტორმა რეზო ჯაბნიძემ.
ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში აკლიმატიზაციას საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი ციტრუსოვანთა 4000-მდე ნერგი გადის. მათ შორისაა მანდარინის, ლიმონის, ფორთოხლის, პომელოს და სხვათა ნერგები. აგროსერვის ცენტრი მათგან იმ ჯიშის ნერგებს, რომლებიც ადგილობრივ პირობებში უფრო მეტად გამოდგება, გამოავლენს კარგ ნიშან-თვისებებს და ადვილად შეეგუება კლიმატს გაამრავლებს და მოსახლეობას თვითღირებულების ფასად მიყიდის. „ჩვენი სანერგეს მიზანია გამოვცადოთ თუ როგორი ყინვა გამძლეობით გამოირჩევა თითოეული ნერგი, რათა გასამრავლებლად შევარჩიოთ ის ჯიშები და ნერგები, რომლელიც ფერმერს გამოდგება,“ განაცხადა გოჩა ბერიძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა.