ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ოფისი გაიხსნა
ქობულეთში აგროსერვის ცენტრის ოფისი გაიხსნა. გახნის ცერემონიას ევროკავშირისა და გაეროს წარმოამდგენლები საქართველოში, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ესწრებოდნენ. აგროსერვის ცენტრის დირექტორმა სტუმრებს ოფისში მდებარე ხილის გადამამუშავებელი მინი საამქრო და ფერმერთათვის განკუთვნილი საკონფერენციო დარბაზი დაათვალიერებინა. ხილის გადამამუშავებელ საწარმოში ფერმერებს თვითრიღებულების ფასად შეუძლიათ ხილის შრობა, გაყინვა და გადამუშავება, საკონფერენციო დარბაზში კი მათთვის ტრენინგებისა და ვორქშოპების მოწყობა იგეგმება. გახსნის ცერემონიაზე ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებმა აგროსერვის ცენტრის იმ სპეციალისტებს, რომლებმაც გაეროს პროგრამის ფარგლებში ტრენინგები გაიარეს თემაზე „ექსტენცია სოფლის მეურნეობაში“ სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.
აგროსერვის ცენტრის ახალი ოფისი გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის გვერდით მდებარეობს. სანერგეში 3 ჰა მიწის ფართობზე გაშენებულია ვაზისა და ხეხილის ელიტარული ჯიშის ნარგავები, საიდანაც სამომავლოდ ახალი ნერგების წარმოება და ფერმერთათვის შეღავათიან ფასად მიყიდვა გეგემება. ამჟამად, სანერგეში სათბურების მშენებლობა, ირიგაციის სისტემის მონტაჟი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს.