აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები შუახევში იმყოფებოდნენ
აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები, რომლებიც ორგანიზაციაში გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მუშაობენ ზემლეთსა და ბარათაულში ფერმერებს შეხვდნენ. მოსახლეობასთან საუბრისას მეცნიერ-კონსულტანტმა შოთა ლომინაძემ ყურადღება რეგიონში ნიადაგის მდგომარეობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, აუცილებელია ფერმერებმა ნიადაგი ეროზიისგან დაიცვან და სწორად შეიტანონ მასში მინერალური და ორგანული სასუქები, რაც უკეთესი მოსავლის მიღებაში დაეხმარებათ. მიწის აგროქიმიური კვლევის შედეგებისა და რეკომენდაციების გამოყენება კი, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში რეგიონში უფასოდ ჩატარდა, ფერმერებს საშუალებას მისცემს მიწის განაყოფიერება სწორად მოახდინონ.
მეცნიერ-კონსულტანტებმა ვეტერინარიასა და ზოოტექნიკაში კი მოსახლეობას მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისთვის ფურის ხელოვნური განაყოფიერების სერვისის გამოყენება ურჩიეს. ასევე გაუწიეს კონსულტაციები საკვები რაციონის გამრავალფეროვნების საშუალებებზე, ცხოველთა სადგომებში ოპტიმალური პირობების შექმნის აუცილებლობასა და დაავადებებისგან ცხოველთა დასაცავი პრევენციული ღონისძიებების გატარების კომპლექსურ საშუალებებზე, ასევე პირუტყვის დროულ ვაქცინაციაზე.