„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები მრავალწლიანი კულტურების მოვლა-პატრონობის მდგომარეობას გაეცნენ
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამით ფერმერებზე გაცემული მრავალწლიანი კულტურულ მცენარეთა ნერგების მოვლა-პატრონობის მდგომარეობას გაეცნენ. ამ მიზნით სპეციალისტებმა სოფელ ერგესა და ჯოჭოში მანდარინის, მოცვის, თხილისა და კივის ნარგავები მოინახულეს. სოფლებში ნერგების ზრდა-განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს, რადგან ფერმერებს მინერალური და ორგანული სასუქები ნარგავებში რეკომენდაციების შესაბამისად შეაქვთ და მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსაც დადგენილ ვადებში ატარებენ. თუმცა იყო მცირე დარღვევები, რის შესახებაც სპეციალისტებმა ფერმერებს რეკომენდაციები მიაწოდეს.
„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა სოფელ ერგეში მცხოვრები ბესარიონ და ივერი ბიბინეიშვილების მიერ გაშენებული ვენახიც მოინახულეს. ფერმერებს ვენახში საგურამოს საცდელ-საჩვენებელი მეურნეობიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშის ვაზი აქვთ მოშენებული და წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. ბიბინეიშვილი სამომავლოდ მევენახეობის მოყვარულთა გაერთიანების შექმნას გეგმავს. „აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელვაჩაურის რეგიონში მევენახეობის დარგს პერსპექტიული მომავალი აქვს, ბიბინეიშვილის წამოწყებას კი მხარდაჭერა ჭირდება.