1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

„აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები მრავალწლიანი კულტურების მოვლა-პატრონობის მდგომარეობას გაეცნენ

ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი ქვეპროგრამით ფერმერებზე გაცემული მრავალწლიანი კულტურულ მცენარეთა ნერგების მოვლა-პატრონობის მდგომარეობას გაეცნენ.  ამ მიზნით სპეციალისტებმა სოფელ ერგესა და ჯოჭოში  მანდარინის, მოცვის, თხილისა და კივის ნარგავები მოინახულეს. სოფლებში ნერგების ზრდა-განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს, რადგან ფერმერებს  მინერალური და ორგანული სასუქები ნარგავებში რეკომენდაციების შესაბამისად შეაქვთ და  მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებსაც დადგენილ ვადებში ატარებენ. თუმცა იყო მცირე დარღვევები, რის შესახებაც სპეციალისტებმა ფერმერებს რეკომენდაციები მიაწოდეს.

„აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა სოფელ ერგეში მცხოვრები ბესარიონ და ივერი ბიბინეიშვილების მიერ გაშენებული ვენახიც მოინახულეს. ფერმერებს  ვენახში საგურამოს საცდელ-საჩვენებელი მეურნეობიდან ჩამოტანილი სხვადასხვა ჯიშის ვაზი აქვთ მოშენებული და წელს კარგ მოსავალს ელოდებიან. ბიბინეიშვილი სამომავლოდ  მევენახეობის მოყვარულთა გაერთიანების შექმნას გეგმავს. „აგროსერვის ცენტრი“-ს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელვაჩაურის რეგიონში მევენახეობის დარგს პერსპექტიული მომავალი აქვს, ბიბინეიშვილის წამოწყებას კი მხარდაჭერა ჭირდება.