„აგროსერვის ცენტრ“-სა და კომპანია „ბეტკო“-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„აგროსერვის ცენტრი“-ს ხელმღვანელი გოჩა ბერიძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე საქმიანი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ ადანაში იმყოფებოდნენ. მათ თურქული კომანიების „ბეტკოსა“ და „ბეტა“-ს სანერგე მეურნეობები, სათბურები და ნერგის ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია მოინახულეს და კომპანიებში მიმდინარე პროექტებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნენ. ვიზიტისას „აგროსერვის ცენტრ“-სა და კომპანია „ბეტკო“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
კომპანია „ბეტკო“ და “ბეტა“ პარტნიორი კომპანიებია, რომლებსაც სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწეობის ოც წლიანი გამოცდილება აქვთ. ისინი ნერგების ხელოვნური გზით გამრავლებასა და საირიგაციო სისტემების, ასევე სანერგე მეურნეობებისა და სათბურების მოწყობას უზრუნველყოფენ. კომპანიის სანერგე მეურნეობებსა და ლაბორატორიაში წელიწადში მილიონამდე ნერგს აწარმოებენ, რომელიც ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებში გადის.
კომპანიის წარმომადგენელები „აგროსერვის ცენტრ“-ს მიმდინარე წლის ივნისში სტუმრობდნენ. ორგანიზაციაში მიმდინარე პროექტების გაცნობისას მათ „აგროსერვის ცენტრ“-თან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. კომპანია „ბეტა“-სა და „ბეტკო“-ს ხელმძღვანელების ვიზიტი ორგანიზაციაში შემოდგომაზე იგეგმება.