1 აპრილიდან აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უფასოდ დამუშავება

ნიადაგის უსასყიდლოდ დამუშავების პროგრამა

 

ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი “აგრო - მომსახურების განვითარების ხელშეწყობა" ქვეპროგრამის ფარგლებში აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე მცხოვრებ ფერმერებს საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უსასყიდლოდ დაუმუშავებს.

აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, რაულ თავართქილაძემ მოადგილესთან მირზა სუქნიშვილთან და ქვეპროგრამის ხელმძღვანელთან, ზურაბ ბერიძესთან ერთად,  ფერმერებისთვის მიწის უფასოდ დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიწოდების, ასევე ქვეპროგრამის ეფექტურად და კოორდინირებულად განხორციელების მიზნით, სამუშაო  შეხვედრები გამართა ქობულეთის, ხულოს და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრებს ესწრებოდნენ  მერიის ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

აჭარის  მუნიციპალიტეტებში აგრო ვადების დაცვით მოხდება სახნავ-სათესი ფართობების დახვნა, დაფრეზვა და დაფარცხვა.

მიმდინარე წელს აჭარის ა.რ. ყველა მუნიციპალიტეტში, დამუშავდება 2200 ჰა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი.

აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ,  ქვეპროგრამა ხორციელდება 2020 წლიდან.