ქ. ბათუმში ფორუმი გაიმართა - "აჭარის აგრარული შესაძლებლობები“
აჭარის აგრარული შესაძლებლობები“
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო შერატოში გაიმართა ფორუმი „აჭარის აგრარული შესაძლებლობები“.
ფორუმზე სტუმრები რეგიონში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს და წარმოების გაზრდის შესაძლებლობებს გაეცნენ. ღონისძიებაზე ფორუმის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივ ფერმერთა მიერ წარმოებული პროდუქცია.
„აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ ფორუმის მიზანია რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის გაზრდა, ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა, ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარება და აგრარულ დარგში დასაქმებულთა მოტივაციის ამაღლება.
„ჩვენი მიზანია რეგიონის ფერმერთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობით. ვიმედოვნებთ, რომ ღონისძიება აგრარულ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის იქნება ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული“ - თავის გამოსვლაში განაცხადა მინისტრმა.
ფორუმს ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი რაულ თავართქილაძე, დირექტორის მოადგილეები იოსებ აბულაძე და ლერი ტუნაძე, მუნიციპალიტეტის მერები, აჭარის მინისტრთა კაბინეტის, სავაჭრო სამრეწველო პალატისა და დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე 50-მდე უცხოური და ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი.