დელეგაციის ვიზიტი აგროსერვის ცენტრში
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს აჭარის რეგიონში მყოფი ევროკავშირის ელჩი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, გაეროს ელჩი საქართველოში ნილს სკოტი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დავით გალეგაშვილი ეწვია. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ UNDP-ის წარმომადგენლები საქართველოში ნათია ნაცვლიშვილი და ლაშა კომახიძე. დელეგაციას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე მასპინძლობდა.
დელეგაციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა, მოეწყო აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.
ბოლო სამი წლის მანძილზე, აგროსერვის ცენტრი სარგებლობს ევროკავშირისა და UNDP-ის მრავალმხრივი ხელშეწყობით, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მისი მომსახურების სპექტრი და შექმნა პირობები ახალი სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების გამოცდისა და ფერმერთა განათლებისათვის.