პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის დელეგაცია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს ესტუმრა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს აჭარის რეგიონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის დელეგაცია ეწვია, პოლონეთის დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობდა. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურიზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები. დელეგაციას მასპინძლობდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე.
დელეგაციის წევრებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში დაათვალიერეს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, ასევე მოინახულეს მაღალტექნოლოგიური ტკბილი წიწაკის და მარწყვის სასათბურე მეურნეობა. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოთი გაუმასპინძლდა, მოეწყო აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია.