აგროსერვის ცენტრის გამოცდილებას აგროტურის მონაწილეები გაეცნენ
აგროსერვის ცენტრში განხორციელებულ პროექტებს 16 მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ. საერთაშორისო ორგანიზაცია „Merci Corps” მიერ ორგანიზებული აგროტურის ფარგლებში კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის წარმომადგენლებმა აგროსერვის ცენტრში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. სტუმრებმა, რომელთა შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და მერსი ქორფსის წარმომადგენლებიც იყვნენ აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა, მარწყვისა და ბულგარულის სათბურები, მშენებარე ღვინის სახლი და ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარი მოინახულეს. აგროტურის მიზანი აჭარაში, სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის მომსახურების კუთხით აგროსერვის ცენტრის გამოცდილების სხვა რეგიონებისთვის გაზიარებაა. შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე და "ენპარდ აჭარა"-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე ესწრებოდნენ.