აგროსერვის ცენტრში კენკროვნების განლაგების საკითხებზე იმსჯელეს
დღეს, აგროსერვის ცენტრში მინსკის მეხილეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი შეხვდა. აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად სტუმრებმა კენკროვნების ის სავარუდო ჯიშები განიხილეს, რომლებსაც მინსკის მეხილეობის ინსტიტუტი აგროსერვის ცენტრს გადმოსცემს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობაში კენკროვნებისთვის გამოყოფილი ნაკვეთის დაგეგმარებისა და ნერგებისთვის ოპტიმალური პირობების შექმნის საკითხებზეც იმსჯელეს.
მინსკის მეხილეობის ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აგროსერვის ცენტრი 4200 ძირ, 10 სახეობის კენკროვან კულტურას უსასყიდლოდ მიიღებს, რომელთა შორისაც იქნება ჟოლო, მაყვალი, მოცხარი, მოცვი და სხვა. რამდენიმე წელში კი ორგანიზაცია კენკროვნებს გაამრავლებს და ფერმერებში გაავრცელებს. ბელორუსიის დელეგაცია აგროსერვის ცენტრს ერთკვირიანი ვიზიტით სტუმრობს.