მინსკის მეხილეობის ინსტიტუტი აგროსერვის ცენტრს კენკროვან კულტურებს გადასცემს
დღეს, აგროსერვის ცენტრის სანერგე მეურნეობები მინსკის მეხილეობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ინსტიტუტი აგროსერვის ცენტრს კენკროვან კულტურებს გადასცემს. ვიზიტისას კი სტუმრებმა ის ნაკვეთი მოინახულეს, სადაც კენკროვნები გაშენდება და ინფორმაცია მიიღეს რეგიონის კლიმატური პირობებისა და სანერგე მეურნეობის ნიადაგის შემადგენლობის შესახებ. სტუმრები აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად კენკროვნებისთვის საჭირო ადგილს დააგეგმარებენ და აჭარის რეგიონისთვის შესაბამის კენკროვნებს შეარჩევენ. მინსკის მეხილეობის ინსტიტუტთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში აგროსერვის ცენტრი 4200 ძირ, 10 სახეობის კენკროვან კულტურას უსასყიდლოდ მიიღებს, რომელთა შორისაც იქნება ჟოლო, მაყვალი, მოცხარი, მოცვი და სხვა. რამდენიმე წელში კი ორგანიზაცია კენკროვნებს გაამრავლებს და ფერმერებში გაავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ბელორუსიის დელეგაციის წევრები ხულოს მუნიციპალიტეტში მოცვისა და კაკლის სადემონსტრაციო ნაკვეთებსაც მოინახულებენ, სადაც აჭარაში კენკროვანი კულტურების გავრცელების შესაძლებლობებს განიხილავენ.