აგროსერვის ცენტრის მარკეტინგული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
დღეს, აგროსერვის ცენტრში მარკეტინგული კვლევების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტმა თეონა გოგიტიძემ ორგანიზაციაში ჩატარებული ორი კვლევა წარმოადგინა, რომელთა მიხედვითაც გამოვლინდა აგროსერვის ცენტრის ექსტენციის სამსახურით (მომსახურება) მოსარგებლეთა დამოკიდებულება ორგანიზაციის სერვისების მიმართ და რეგიონში, სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის კუთხით არსებული პრობლემები და პრიორიტეტულ სახეობები. პრეზენტაციას ენპარდ აჭარას პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე და ქეთევან შარაბიძე ესწრებოდნენ.
"ბაზრის მარკეტინგული კვლევა არის ძალიან ღირებული, განსაკუთრებით კი იმათთვის, ვისაც აჭარაში ბიზნესის წამოწყება სურთ. ამ კვლევის შედეგად გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, თუ რა სახის პროდუქციის წარმოებაა დღეს აჭარის რეგიონში მომგებიანი,“ განცხადა ლაშა კომახიძემ.
სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასების მარკეტინგული კვლევისას 166 დასახელების პროდუქციის ფასებზე ხდებოდა დაკვირვება. 20 კვირიანი კვლევის შედეგად გამოიკვეთა პრიორიტეტული პროდუქციის სახეობები, რომლებზეც მოთხოვნა ბაზარზე მთელი წლის განმავლობაში არ მცირდება.
რაც შეეხება, აგროსერვის ცენტრის სერვისების ბენეფიციართა დამოკიდებულების მარკეტინგულ კვლევას რეგიონის მაშტაბით 700-მდე ფერმერი გამოიკითხა. მათი უმრავლესობა ორგანიზაციის სერვისების გამოყენებით კმაყოფილია და აგროსერვის ცენტრის საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას მოითხოვს.