ევროპის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიება აგროსერვის ცენტრში
დღეს ევროპის დღე აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ოფისში აღინიშნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა ესწრებოდა.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიესალმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად აჭარაში სტუმრად ჩამოვიდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში იტვინ ჰენინგი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის სამოქმედო დივიზიის ხელმძღვანელი კაიდო სირელი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი და სხვა ოფიციალური პირები.
ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ENPARD-ის პროექტით განხორციელებული აქტივობები, სათბურები სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტით გადაცემული ტექნიკა და მანქანა-დანადგარები. ასევე, გაიმართა „ENPARD აჭარა”-ს ფოტოგამოფენა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 23 კოოპერატივის დაჯილდოების ცერემონიალი.
ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის და პროექტ ENPARD-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
„ჩვენი შეკრება აგროსერვის ცენტრში შემთხვევითი ღონისძიება არ არის. ეს გახლავთ ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული პროექტი იმ მრავალი სხვა პროექტიდან, რომლითაც ძალიან დიდი სარგებელი აქვს რეგიონის მოსახლეობას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებას.
ეს კონკრეტული და ყველა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლებიც დონორთა ხელშეწყობით და ჩვენი თანამონაწილეობით ხორციელდება, მორგებულია რეგიონის განვითარების სტრატეგიას.“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ.