აჭარაში ღვინის სახლის მშენებლობა იწყება
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს „აგროსერვის ცენტრი" ქობულეთში ღვინის სახლის მშენებლობას იწყებს. ობიექტის მშენებლობის დასრულებისა და შესაბამისი დანადგარებით აღჭურვის შემდეგ, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქობულეთის ღვინის სახლში გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო. ასევე ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით, აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლში ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხე განთავსდება.
ამასთანავე რეგიონში აგრობიზნესის განვითარების მიმართულებით, კოოპერატივების, კერძო ფირმებისა და საოჯახო მეურნეობებში დამზადებული ღვინისა და კვების პროდუქტების წარმოჩენის კუთხით, ღვინის სახლში აგროგამოფენებიც გაიმართება.
გარდა ამისა ღვინის სახლს ტურისტული დანიშნულებაც ექნება. მასში ამოქმედდება საინფორმაციო ცენტრი, სადაც აგროტურიზმით დაინტერესებულ პირებს აჭარის რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
ღვინის სახლში განთავსებულ ტექნოლოგიურ საწარმოში, ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით, აჭარის აგროსერვის ცენტრში ფერმერთათვის ტრენინგების ჩატარებაც იგეგმება, რაც სამომავლოდ ოჯახში დამზადებული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებასა და შედეგად ფერმერების ფინანსური სარგებლის გაზრდას ხელს შეუწყობს.
ღვინის სახლის მშენებლობა 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება და მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.