ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო–კვლევით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო–კვლევით ცენტრთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც კვლევითი ცენტრის მეცნიერ–თანამშრომლები აგროსერვის ცენტრის ვაზისა და ხეხილის ნერგებს შეისწავლიან. გამოკვლევებისას მოხდება ხეხილოვანი კულტურების ახალი პერსპექტიული ჯიშების კომპლექსური შესწავლა, რაც ითვალისწინებს ნერგების პასპორტიზაციას. კერძოდ კი დადგინდება ცალკეული კულტურების ვეგეტაციის დასაწყისი და ვეგეტაციის დასასრული. ასევე ზამთარგამძლეობა, ნაყოფის სიმწიფის პერიოდი, მავნებელ დაავადებების მიმართ გამძლეობა, ოპტიმალური აგროტექნიკური ფონის შემუშავება. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის ნერგები მათი შესწავლისა და გამრავლების შემდეგ ფერმერებს მიეწოდებათ, რაც ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში არსებული კულტურების გამრავალფეროვნებასა და გაუმჯობესებას.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურენობის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე დაესწრნენ.