აგროსერვის ცენტრს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები სტუმრობდნენ
დღეს, აგროსერვის ცენტრის გვარა–ხუცუბნის ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობა და ფერმერთა მომსახურების ცენტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ მინისტრებთან ერთად მოინახულა. სტუმრებმა ვაზის საადრეო ჯიშის პირველი მოსავალი ინახულეს და ორგანიზაციაში ახლად ამოქმედებულ სერვისებსაც გაეცნენ.
აგროსერვის ცენტრში ხილის შრობისა და გაყინვის სერვისები ამოქმედდა. ამჟამად, საწარმოში მოცვის შრობის პროცესი მიმდინარეობს. სერვისით სარგებლობა ნებისმიერ ფერმერს შეღავათიან ფასად შეუძლია. ორგანიზაცია მათ ვაშლის, ქლიავის, ხურმისა და მოცვის ნაყოფის გაშრობასა და შეფუთვას თვითღირებულების ფასად სთავაზობს. გარდა ხილის შრობისა, საწარმოში ასევე ამოქმედდა ხილის შოკური გაყინვის სერვისიც, რაც ხილის დაბალ და ზედაბალ ტემპერატურაზე სწრაფად გაყინვას ითვალისწინებს. სერვისით უკვე ისარგებლა კომპანია „ვანრიკმა“ და აგროსერვის ცენტრში 6 ტონამდე მოცვი გაყინა.
რაც შეეხება, ვაზისა და ხეხილის სანერგეს იქ 7000 ათას ძირამდე ვაზისა და ხეხილის სხვადასხვა ჯიშებია გაადგილებული. კერძოდ, კი 25–მდე ვაზის ქართული და უცხოური სასუფრე-საღვინე ჯიშები, ასევე ვაშლის, მსხლის, ბლის, ატმის, ბროწეულის, ხუმრის, კაკლის, ფეიხოას, ზეთისხილის, ქლიავისა, აქტინიდიის (კივი) და მოცვის ნერგები. ორი წლის შემდეგ ორგანიზაცია არსებული ჯიშების გამრავლებასა და ფერმერებისთვის თვითღირებულების ფასად მიწოდებას გეგმავს. ვაზისა და ხეხილის ნერგები აგროსერვის ცენტრს საჩუქრად საგურამოს ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალების ეროვნულმა ცენტრმა გადასცა.