აგროსერვის ცენტრი ფერმერული მეურნეობების განვითარებას იწყებს
ფერმერული მეურნეობების განვითარების მიზნით აგროსერვის ცენტრში ფერმერთა რეგისტრაცია და ფერმერის ბარათების დარიგება დაიწყო. ბარათების მქონე ფერმერებს ორგანიზაცია მთელი წლის გამვალობაში კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს, რაც აგრონომის, ვეტერინარის, ფინანსისტისა და აგროქიმიკოსის ინდივიდუალურ კონსულტაცია-რეკომენდაციებს ითვალისწინებს.
დღეს აგროსერვის ცენტრის დირექტორმა და კონსულტანტებმა სოფელ ახალშენში ორგანიზაციის ბაზაში უკვე დარეგისტრირებული ფერმერის მეურნეობა მოინახულეს. ფერმერ ომარ მიქელაძეს მათ რეგისტრაციის მოწმობა და აგროსერვის ცენტრის ფერმერის ბარათი გადასცეს, რომელშიც ფერმერული მეურნეობის აღწერასა და სხვადასხვა მონაცემებთან ერთად კონკრეტულადაა გაწერილი ის მცენარეთა დაცვის საშუალებები და აგროტექნიკური ღონისძიებები, რაც ფერმერის მეურნეობას ესაჭიროება. გარდა ამისა, ბარათში გაწერილია გასულ წელს ფერმერის მიერ მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები და გამოთვლილია მარჟინალური მოგება.
აგროსერვის ცენტრმა ფერმერთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და მისი მიზანი დაინტერესებულ ფერმერთა მეურნებების განვითარება და მათგან მაქსიმალური მოგების მიღებაა. ამ ეტაპზე ბაზაში რეგიონის მაშტაბით 95-მდე ფერმერია რეგისტრირებული. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები მათ ფერმერული მეურნეობების მართვა-დაგეგმვის შესახებ კონკრეტულ მითითებებს აძლევენ. კერძოდ, კი აწვდიან რეკომენდაციებს არსებული კულტურების ჯიშთგანახლების, აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარებისა და ფერმერული მეურნეობის რენტაბელურ მეურნეობად გარდაქმნის შესახებ. პერიოდულად ხორციელდება მონიტორინგი გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. წლის ბოლოს კი მიღებულ შედეგებს პროექტის დაწყებამდე არსებულ შედეგებთან შეადარებენ. აგროსერვის ცენტრის ბაზაში რეგისტრირების მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ფერმერმა გაითვალისწინოს სპეციალისტების რჩევები და რენტაბელური გახადოს საკუთარი ფერმერული მეურნეობა. რეგისტრაციის პროცესი გრძელდება.