სასათბურე კონსტრუქციების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი დაიწყო
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ბათუმის ტერიტორიულ ორგანოებში ფერმერებზე თანადაფინანსების პრინციპით გაცემული სასათბურე კონსტრუქციების გამოყენების მონიტორინგი დაიწყეს. კონსულტანტები აერეპორტისა და კახაბრის უბნებში მცხოვრები 7 ფერმერის მიერ სასათბურე-კონსტრუქციების გამოყენების მდგომარეობას გაეცნენ. მონიტორინგის შედეგად აღმოჩდა, რომ ოთხი ფერმერი სათბურებს სალათის ფოთლების, მარწყვისა და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების წარმოებისათვის იყენებს, ხოლო სამი მიმდინარე პერიოდში იწყებს სასათბურე კონსტრუქციების მონტაჟს. აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა ბეგლარ მიქელაძის 800 მ2 ფართობის თოვლის მიერ დაზიანებული სათბურიც მოინახულეს, სადაც ამ ეტაპისათვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, დაუზიანებელ ფართობში კი ფერმერს მწვანე ხახვი და მწვანილი მოყავს. საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა მათ ნიადაგის დამუშავების, კულტურების შერჩევის და მოვლა-მოყვანის შესახებ კონსულტაციები და რეკომენდაციები გაუწიეს.
შეხვედრისას ფერმერებმა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიღებული სასათბურე კონსტრუქციების დადებით მხარეებზე გამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ სათბურები მათი საოჯახო მეურნეობის ბიუჯეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროდ იქცა. გასულ წელს „ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის“ პროექტი ფარგლებში აჭარის რეგიონის მაშტაბით სულ 100 ცალი სასათბურე კონსტრუქცია გაიცა. პროგრამა წელსაც გრძელდება.