აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ციტრუსოვანთა ბაღები მოინახულეს
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები აგრძელებენ ციტრუსოვანთა ბაღების მონიტორინგს. ამჯერად სპეციალისტებმა მახინჯაურში, სოფელ განთიადში მცხოვრები გია ყურშუბაძის, დურმიშხან კომახიძისა და ჯიმშერ ბერიძის საკარმიდამო ნაკვეთები მოინახულეს. ფერმერთა ძირითადი საქმიანობა მეციტრუსეობაა. როგორც დათვალიერებისას გაირკვა ფერმერებს ბაღი კარგად აქვთ მოვლილი, ნიადაგში შეტანილი აქვთ მინერალური და ორგანული სასუქები, ასევე 2-2 ჯერ ჩატარებული აქვთ მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ქიმიური ღონისძიებები. გია ყურშუბაძეს გააჩნია 500 ლიტრი ტევადობის მოძრავი, ავტოტრანსპორტზე მისაბმელი შესაწამლი აპარატი, რითაც როგორც საკუთარ ასევე მეზობლების ციტრუსოვანთა ბაღებს წამლავს. პარალელურად კი იწერს თუ რომელი ბაღი როდის და რომელი პრეპარატით შეწამლა. მიუხედავად ამისა, ცალკეულ ნარგავებზე შეინიშნება ტკიპებით გამოწვეული დაზიანებები, რაც წამლობის ჯერადობის, შეწამვლის ვადებისა და შხამქიმიკატების მონაცვლეობის პრინციპის დაუცველობითაა გამოწვეული. აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებმა ფერმერებს მდგომარეობის გამოსაწორებლად რეკომენდაციები მიაწოდეს.