აგროსერვის ცენტრის კონსულტანტები კირნათელ ფერმერებს შეხვდნენ
ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტები და UNDP-ს დაფინანსებით ,,აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტები სოფელ კირნათის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრისას ხელვაჩაურის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტებმა მოსახლეობას ნიადაგის ნაყოფიერების ზრდის საქმეში მინერალური და ორგანული სასუქების როლსა და მნიშვნელობაზე, მათი ნიადაგში შეტანის ვადების, დოზისა და ნორმების დაცვის აუცილებლობაზეც ესაუბრნენ. ,,აგროსერვის ცენტრი“-ს კონსულტანტებმა კი, რომლებიც ორგანიზაციაში UNDP-ს დაფინანსებით მუშაობენ ფერმერებს რეგიონში არსებული ხეხილის პერსპექტიული ჯიშები გააცნეს და მათი გაშენება ურჩიეს. ასევე ყურადღება გაამახვილეს მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ზრდის საქმეში არსებულ პრობლემებზე, რაც მოსახლეობაში გავრცელებული პირუტყვის დაბალი პროდუქტიულობითაა გამოწვეული. პრობლემის გადაჭრის მიზნით კონსულტანტებმა ფერმერებს ფურების ხელოვნური განაყოფიერების მეთოდის გამოყენება ურჩიეს, რომელიც ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესების საქმეში.