ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურმა ნიადაგის კვლევის შედეგები მოსახლეობას გააცნო
"აგროსერვის ცენტრი"–ს ბათუმის საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახურმა ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი "ანასეული"–ს თანამშრომლებთან ერთად ბათუმის სამრეწველო უბნის მოსახლეობას ნიადაგის კვლევის შედეგები გადასცა. ანალიზის მიხედვით სამრეწველო უბნის ტერიტორიაზე ნიადაგში ნაკლებია კალიუმისა და ჰუმუსის, იგივე ნეშომპალას შემცველობა და მაღალია მჟავიანობა.
სპეციალისტებმა ფერმერებს ნიადაგის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად კონკრეტული რეკომენდაციები მიაწოდეს. მისი გამოყენებით მოსახლეობა სწორად წარმართავს ნიადაგის განოყიერების პროცესს, რაც ხელს შეუწყობს მოწეული პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესებას, მოსავლიანობის გაზრდასა და მცენარის გამძლეობას მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ.
ნიადაგის კვლევის პროგრამა აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიზნობრივი ქვეპროგრამის "ნიადაგის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა“ ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის მიხედვით ფერმერებს საშუალება მიეცათ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე განესაზღვრათ ნიადაგში საკვები ელემენტების მოძრავი ფორმების, ჰუმუსის და მჟავიანობის შემცველობის განსაზღვრა ლაბორატორიული კვლევის მეშვეობით. ბათუმის ტერიტორიაზე სულ 500 სინჯი აიღეს.