ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ხიმშიაშვილის უბნის მოსახლეობას შეხვდნენ
ქ. ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი მიზნობრივი პროგრამები და პრიორიტეტები ხიმშიაშვილის უბნის მოსახლეობას გააცნეს. მათი დაინტერესება „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტმა და სამინისტროს მიერ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში „ბოსტნეული კულტურების ელიტური სარგავი მასალით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის“ პროგრამამ გამოიწვია. შეხვედრაზე მოსახლეობაში არსებული პრობლემებიც განიხილეს. ხიმშიაშვილის უბანში მწვავედ დგას უპატრონო ძაღლებისა და მღრღნელების პრობლემა. მას ზაფხულის სიცხესთან ერთად მწერების (ბუზი, კოღო, ტარაკანები, ამერიკული თეთრი პეპლა) სიჭარბეც ემატება. მოსახლეობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად აღმკვეთი ღონისძიებების ჩატარებას მოითხოვს.