ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები ფერმერს დაეხმარნენ
ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები აგრძელებენ შეხვედრებს ფერმერებთან მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფისა და რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ამჯერად, ისინი ახალშენის ყოფილი ციტრუსის მეურნეობის მფლობელს შეხვდნენ. ფერმერმა აგროსერვის ცენტრის კონსულტანტებს თხოვნით მიმართა შეესწავლათ ახალშენის ტერიტორიაზე არსებული სატბორე მეურნეობისათვის განკუთვნილი აუზები, სადაც ის საკალმახე და კალმახის სანაშენე მეურნეობის მოწყობას, ასევე ტერიტორიის მიმდებარედ თევზის კიდევ ერთი სახეობის ლოქოს მოშენებას გეგმავდა.
აუზებისა და წყლის სათავის დათვალიერების შემდეგ აგროსერვის ცენტრის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ წყლის ტემპერატულური თვისებები ვერ აკმაყოფილებდა კალმახის მოშენებისათვის საჭირო ოპტიმალურ მოთხოვნებს. ფერმერს, ასევე არ აღმოაჩნდა აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება, საჭირო ცოდნა და ფინანსური რესურსი. ბიზნეს–გეგმა კი, რომლითაც ის კრედიტის გამოტანას გეგმავდა ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა „შეღვათიანი აგრო კრედიტის“ პროგრამით სარგებლობისათვის.
ტერიტორიის დათვალიერებისას ბათუმის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებმა შეამჩნიეს, რომ აუზები, რომლებიც ამჟამად ბუნებრივი, ნოყიერი მიწით ე.წ. შლამით არის დაფარული სასათბურე მეურნეობის გასაკეთებლად იყო ვარგისიანი და მათ ფერმერს შესთავაზეს, რომ აღნიშნული ტერიტორია ბოსტნეული კულტურების გასაშენებლად გამოეყენებინა. მათ ფერმერი საქართველოს ფერმერთა ასოციაცია „ეკო ფერმას“ დააკავშირეს. ასოციაციის ხელმძღვანელობამ სურვილი გამოთქვა ფერმერს ბოსტნეული კულტურების, კერძოდ კი სალათის ფოთლების სასათბურე მეურნეობის მოწყობაში დაეხმაროს.
„აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ედვარდ ფუტკარაძის განცხადებით, საინფორმაციო–საკონსულტაციო სამსახური მომავალშიც უზრუნველყოფს ფერმერებს ბიზნესის დაწყებისათვის საჭირო ინფორმაციით.