აგროსერვის ცენტრსა და CARD-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დღეს, ა(ა)იპაგროსერვის ცენტრში გაიმართა სემინარი ფერმერებისა და ვეტერინარებისათვის, რომელიც “Animal Health Management in Cross-Border Areas of Armenia and Georgia” ფაზა 2-ის პროექტის მიზნების გაცნობას მოიცავდა. შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ავთანდილ მესხიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე. პროექტი ავსტრიის განვითარების ფონდის თანამშრომლობით (ADC) ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრთან და სომხეთის ფონდთან (CARD) ერთად ახორციელებს აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობას. პროექტი მოიცავს 84500 ევროს ოდენობით გრანტს და მისი მიზანია ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე, მსხვილფეხა რქოსან ცხოველთა ტრანსსასაზღვრო დაავადებებზე ინფორმირებულობა, დაავადებათა დროული პრევენცია და კონტროლი. კერძო ვეტერინარული სერვისებისა და მართვისა და მენეჯმენტის გაუმჯობესება. ასევე პროექტის ფარგლებში გაიხსნება ახალი ვეტერინარული სერვის ცენტრები. სემინარი CARD-ის გენერალურმა დირექტორმა გაგიკ სარდარიანმა ჩაატარა. სემინარის შემდგომ მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ბერიძემ და CARD-ის დირექტორმა გაგიკ სარდარიანმა.