„ენპარდ აჭარა“-ს ფარგლებში ფერმერებს ინკუბატორები და გალიები გადაეცათ
დღეს, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი რეგიონში მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ,,ენპარდ აჭარა’’-ს პროექტის ფარგლებში ფერმერებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს საჩუქრად ინკუბატორები და გალიები გადაეცათ. გადაცემის პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ავთანდილ მესხიძე, სულიკო ბერიძე, ,,ენპარდ აჭარა’’-ს პროექტის მენეჯერი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე ესწრებოდნენ.
„ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში აჭარაში არაერთი ფერმერული მეურნეობის განვითარებას შეეწყო ხელი. აგროსერვის ცენტრის მიერ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ღირებულება 260 740 ლარს შეადგენს. მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს 6 ცალი კომბინირებული საკვების საფქვავი დანადგარი და 6 ცალი ინკუბატორი 2014 წელს გადაეცათ. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად მოეწყო მოცვის, კაკლისა და ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთები ფერმერებისთვის მაღალმთიან აჭარაში. „ენპარდ აჭარა-სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება„ენპარდ 2“, რომელიც კოოპერატივების განვითარებას შეუწყობს ხელს.