საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგროსერვის ცენტრის საპილოტე პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
დღეს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის საპილოტე პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ევროკავშირის პროგრამის ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის'' (ENPARD), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (UN FAO) ფარგლებში განხორციელდა. შეხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ ხაზგასმით აღნიშნა პროექტის განხორციელებაში დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ღონისძიებაზე საპილოტე პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების, აგროსერვის ცენტრის საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა, სტივ გოსმა, ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) აჭარის პროექტის მენეჯერმა, ლაშა კომახიძემ და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბერიძემ. პრეზენტაცია აგროსერვის ცენტრის ინსტიტუციური სტრუქტურისა და საქმიანობის დეტალურ ანალიზს, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარების საკითხებს და მიღწეულ შედეგების ანალიზს მოიცავდა. პრეზენტაციის დასასრულს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა აგროსერვის ცენტრის საპილოტე პროექტი წარმატებულად შეაფასა და გამოთქვა მოსაზრება, რომ აჭარაში მიღებული გამოცდილება შესაძლოა საქართველოს მასშტაბით იქნას გამოყენებული.
სოფლის მეურეობის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების გუნდის ლიდერი გიორგი ნანობაშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.