ფერმერებს ინკუბატორები, გალიები და ბალახის ინტენსიური წარმოების დანადგარები საჩუქრად გადაეცემათ
„ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. გასულ კვირას, დასრულდა მაღალმთიან აჭარაში ფერმერებისთვის ნივრის სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა. პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით აგროსერვის ცენტრის მიერ ხორციელდება, მაღალმთიან აჭარაში ნივრის ახალი, პროდუქტიული და მომგებიანი ჯიშების დანერგვას ისახავს მიზნად. პროექტის მიხედვით, ქედა, შუახევსა და ხულოში, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეულ 7 ფერმერს ნიორი უსასყიდლოდ გაუშენდათ. სადემონსტრაციო ნაკვეთების საერთო ფართობი 10 ჰექტარია და მისი ღირებულება 15 800 ლარს შეადგენს.
პროგრამა „ENPARD Ajara- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში“ რეგიონში მესამე წელია ხორციელდება. მისი ღირებულება 3,3 მილიონ ლარს შეადგენს და მას რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ახორციელებენ. პროგრამის პარტნიორები რეგიონში აგროსერვის ცენტრი და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროა. სამი წლის განმავლობაში, აგროსერვის ცენტრმა აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდასაჭერად და ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მიზნით გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად, „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში არაერთი პროექტი განახორციელა.
პროგრამის ფარგლებში 2013 წელს, მეცხოველეობის განვითარებისთვის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს 14 ცალი სეფერატორი და 5 ცალი რძის საწველი აპარატი გადაეცათ. 2014 წელს კი, მაღალმთიან აჭარაში ახალი კულტურების დანერგვის მიზნით ქედა, შუახევსა და ხულოში ფერმერებს 3 კაკლისა და 3 მოცვის სადემონტრაციო ნაკვეთი უსასყიდლოდ გაუშენდათ. ასევე 2014 წელს, მეფრინველეობისა და მეცხოველეობის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს 6 ცალი კომბინირებული საკვების საფქვავი დანადგარი და 6 ცალი ინკუბატორი დაურიგდათ.
მიმდინარე წელს, რეგიონში მეფრინველეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, დაგეგმილია ფერმერებისა და კოოპერატივის წევრებისთვის 6 ინკუბატორისა და 6 ფრინველთა განსათავსებელი გალიების გადაცემა. წლის ბოლომდე, ასევე მოხდება ორი მეცხოველეობის ფერმისთვის ბალახის ინტენსიური წარმოების კონტეინერის გადაცემაც, რომელიც მფლობელს პირუტყვის მწვანე ბალახით გამოკვების პრობლემას სამუდამოდ მოუგვარებს.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აგროსერვის ცენტრში „ენპარდ აჭარა“-ს პროგრამის ფარგლებში ქობულეთში, პამიდვრის სადემონსტრაციო სათბური, ზემო აჭარაში კი ხელოვნური განაყოფიერების სადგურები ამოქმედდა.
„ენპარდ აჭარა“-ს პროგრამამ აჭარაში არაერთი ფერმერული მეურნეობის განვითარებას შეუწყო ხელი. აგროსერვის ცენტრის მიერ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების ღირებულება 260 740 ლარს შეადგენს. „ენპარდ აჭარა“ მიმდინარე წლის ბოლოს სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება „ენპარდ 2“, რომელიც სოფლისა და კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობას, ასევე საბიუჯეტო დახმარებას ითვალისწინებს.