ბულგარულისა და მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ ტრენინგი დასრულდა
აგროსერვის ცენტრში დასრულდა სამდღიანი ტრეინინგი მესათბურეობით დაინტერესებული ფერმერების, კოოპერატივების წევრებისა და სპეციალისტებისთვის, რომელსაც ისრაელიდან მოწვეული ტრენერები ატარებდნენ. სოფლის მეურნეობის ექსპერტებმა გილად მარეკმა და რივკა ოფენბახმა, რომლებსაც სოფლის მეურნეობის დარგში 30 წლიანი გამოცდილება აქვთ ტრენინგის მონაწილეებს სათბურებში მარწყვისა და ბულგარული წიწაკის მოვლა-მოყვანის, ასევე მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების შესახებ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს. ტრენინგი, რომელიც ისრაელის საელჩოს მიერ მაშავის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობას, მესათბურე ფერმერებისა და მეწარმეების განათლების დონის ამაღლებას ისახავდა მიზნად.
ტრენინგი 12 ოქტომბერს დაიწყო და 14 ოქტომბერს დასრულდა. 12-ში მას აგროსერვის ცენტრის აგრონომები და სპეციალისტები ესწრებოდნენ, რომლებმაც ორგანიზაციის მარწყვისა და ბულგარულის სათბურებში პრაქტიკულად განახორციელეს ის რჩევები, რომლებიც ტრენინგის დროს მიიღეს. 13-14 ოქტომბერს კი ებრაელი ექსპერტების გამოცდილებას როგორც ადგილობრივი, ასევე გურიიდან, სამეგრელოდან და იმერეთიდან ჩამოსული მესათბურე ფერმერები და აგრონომები გაეცნენ. ტრენინგს მაშავის პროგრამის დირექტორი გიორგი ჯღენტიც ესწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს მაშავის პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისრაელის საელჩო აფინანსებს ერთ-თვიან სასწავლო ტრენინგებს ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისთვის ისრაელში, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებს მოიცავს. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს საჩუქრად აგროსერვის ცენტრში მარწყვის მოვლა-მოყვანის შესახებ „ენპარდ აჭარა“ პროგრამის ფარგლებში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები გადაეცათ.
„სასათბურე მეურნეობების განვითარება ჩვენთან ბოლო რამდენიმე წელია დაიწყო. შესაბამისად, ჩვენს ფერმერებს ნაკლები გამოცდილება და ცოდნა აქვთ ამ მიმართულებით. ჩვენი მიზანი კი მათთვის ისეთი წარმატებული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა, როგორიცაა ისრაელი. ამ მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა ტრეინინგი აგროსერვის ცეტრში, რომელიც ძალიან საინტერესო და ინფორმაციული გამოვიდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მონაწილეები, რომლებიც ძალიან მოტივირებული და დაინტერესებულები ჩანდნენ, რაც შეიძლება დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მარწყვისა და ბულგარულის სასათბურე პირობებეში მოვლა-მოყვანასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას ისრაელის საელჩოსთან, რათა მგავსი პრაქტიკული ტრენინგები ფერმერებისთვის მომავალ წელსაც ჩავატაროთ,“ განაცხადა აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.