საქმიანი ვიზიტი პოლონეთში
აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე სპეციალური მოწვევით პოლონეთის ქალაქ ლუბლინში (województwo, Voivodeship) მდებარე სამებაღეო-სასათბურე კომპანია ,,Agronom Berries” სტუმრობდა. ,,Agronom Berries’’, კენკროვანი ხილის უმსხვილესი მწარმოებელია პოლონეთში. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია 700 ჰა მიწის ფართობი, რომელზეც გაშენებულია მარწყვის, მოცვისა და ჟოლოს კულტურები. კომპანიის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიმდინარე ეტაპზე მარწყვისა და მარწყვის ნერგების წარმოებაა. მიმდინარე წელს აგროსერვის ცენტრს დაგეგმილი აქვს მარწყვის ნერგების შემოტანა არსებული კომპანიიდან, რაზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. აგროსერვის ცენტრში სათბური მარწყვის კულტურის განთავსებისათვის მზადაა. ვიზიტის მთავარი მიზანი სწორედ მარწყვისა და სხვა კენკროვანი (ჟოლო, მოცვი) კულტურების მოვლისა და მოყვანის ტექნოლოგიების გაცნობა იყო. ვიზიტის ფარგლებში მონახულებული იქნა მოცვის სანერგე, ჟოლოსა და მარწყვის ღია და დახურული გრუნტი, მარწყვის ჩითილების მწარმოებელი, ჩითილების დამფასოებელ-შემფუთველი და სამაცივრე მეურნეობა, ასევე კომპანიაში არსებული თანამედროვე სამეურნეო ტექნიკა და საირიგაციო სისტემა.