აგროსერვის ცენტრის საქმიანობას პრესსტურის ფარგლებში ცენტრალური მედიის წარმომადგენლები გაეცნენ
30 მაისს, აგროსერვის ცენტრის ქობულეთის ფერმერთა მომსახურების სერვის ცენტრს პრესსტურის ფარგლებში 20-მდე ცენტრალური მედიის, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების რეგიონული ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძეც ესწრებოდა. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აგროსერვის ცენტრის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს, ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობას და ხილის საკონსოლიდაციო საწარმო დაათვალიერეს. გარდა ამისა, აგროსერვის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სემინარ-პრეზენტაციები საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივების, კოოპერატივების მნიშვნელობის, ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ისა და აჭარაში აგროსერვის ცენტრის უნიკალურობისა და გამოცდილების შესახებ.
აგროსერვის ცენტრი ერთადერთი არაკომერციული ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მასში თანამედროვე მიდგომების დანერგვას ემსახურება. ამ მიზნით ორგანიზაციაში მოქმედებს ფერმერთა კონსულტირების, ნიადაგის აგროქიმიური კვლევის, ხილის შრობა-გადამუშებისა და მსხ. რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების სერვისები. 2015 წლიდან კი ორგანიზაცია ფერმერებს საკუთარ სანერგეებში წარმოებულ ციტრუსისა და ვაზის ნერგებსაც შესთავაზებს. აგროსერვის ცენტრი 2011 წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაფუძნდა. ორგანიზაციაში სერვისების უმრავლესობა გაეროსა და ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში ფინანსდება.